20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ომიკრონის" აფეთქება საქართველოში - ეპიდემიოლოგები 2 კვირაში საგანგაშო შედეგს პროგნოზირებენ

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ვარაუდით, კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის პიკი, თებერვლის დასაწყისში იქნება. თენგიზ ცერცვაძე "კურიერთან" საუბრისა ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი, "ომიკრონის" შტამის გავრცელებისთვის და პაციენტთა მისაღებად მზად არის, მაგრამ ამის მიუხედავად, სპეციალისტები, როგორც შემთხვევათა რაოდენობის, ასევე მის პროპორციულად, სიკვდილიანობის რაოდენობის ზრდას ელოდებიან.

ინფექციური საავადმყოფოს მსგავსად, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, სადაც ამბობენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში კლინიკაში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდა. მოსახლეობას კი სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

იმისათვის, რომ საქართველო "ომიკრონი"  ახალ და მძიმე ტალღას ღირსეულად შეხვდეს, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს "ბუსტერ" დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე, მნიშვნელოვნად გავრცელებული "ომიკრონის" შტამი, ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ივანე ჩხაიძე მცირეწლოვანთა დაცვის მიზნით, მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს.

ეპიდემიოლოგები აკვირდებიან იმასაც, თუ რა მდგომარეობაა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ - ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. 

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის რეკორდული 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს ერთ დღეში, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები