08 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
დეპრესიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვიდეო თამაშებით - რა არის პლატფორმა Thymia და როგორ მუშაობს ის

დეპრესიის დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა, შესაძლოა, ვიდეო თამაშების მეშვეობით გახდეს შესაძლებელი. მეცნიერებმა შეიმუშავეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეო თამაშები, რომელიც პლატფორმა Thymia-ში ერთიანდება.

პლატფორმა მიზნად ისახავს დეპრესია და სხვა ფსიქიკური დაავადებები ისეთივე გაზომვადი გახადოს, როგორც ეს ფიზიკური დაავადებების შემთხვევაშია.

Thymia-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, დოქტორი ემილია მოლიმპაკისი იმედოვნებს, რომ პლატფორმა აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დღევანდელი სისტემა მოიცავს.

"ამჟამად არსებული სისტემა მრავალი თვალსაზრისით არასრულყოფილია, ექიმებს დრო არ აქვთ. მათი დღევანდელი სისტემა წარმოადგენს სუბიექტურ კითხვარებს, რომლებიც წარმოუდგენლად მიკერძოებულია.

Thymia არის პირველი სისტემა, რომელიც გთავაზობთ ობიექტურობას და იყენებს მრავალი ტიპის მონაცემს დეპრესიის მართლაც ზუსტი და ძლიერი მოდელის შესაქმნელად,"-აცხადებს მოლიმპაკისი.

პროგრამა პაციენტებს სთხოვს ითამაშონ მარტივი ვიდეო თამაშები ნეიროფსიქოლოგიური ელემენტებით, რომლებიც რეალურად შექმნილია დეპრესიული სიგნალების გასაზომად.

თამაშის პროგრამული უზრუნველყოფა თამაშისას აანალიზებს პაციენტის ხმას, მზერას და მიკრორეაქციებს, ასევე, ქცევით მოტორიკას - მათ შორის, რეაქციის დროს, მეხსიერებას და შეცდომის სიხშირეს. ყველა ამ მონაცემის ანალიზი ხელს უწყობს დეპრესიის მიმანიშნებელი შაბლონების იდენტიფიცირებას, რაც სწრაფი დიაგნოზის საშუალებას იძლევა.

პლატფორმა შექმნილია პაციენტების გრძელვადიან პერსპექტივაში თვალყურის სადევნებლად. მათ შეუძლიათ ითამაშონ თამაშები ფსიქოლოგთან/ფსიქიატრთან ვიზიტებს შორის, რათა დადგინდეს, მუშაობს თუ არა მათთვის დადგენილი მკურნალობის კურსი.

ექიმები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მეთოდი ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს შეამცირებს, თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პლატფორმა მასზე დამყარებული მოლოდინების გამართლებას ვერ შეძლებს. 

წყარო: skynews

დღის ამბები