16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
უკრაინის კრიზისი და საქართველოს სვლა NATO-სკენ - რა მოლოდინები აქვთ დიპლომატებს მადრიდის სამიტისგან

უსაფრთხოების გლობალური გამოწვევების ფონზე, NATO-ში საქართველოს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ქვეყანა NATO-ს სტანდარტებთან დღეს ყველაზე ახლოს დგას. "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ვიქტორ დოლიძემ თქვა, რომ ქართული მხარე ალიანსის ახალი უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაზე ბრიუსელთან აქტიურად თანამშრომლობს. დოლიძის აზრით, NATO-საქართველოს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, გადამწყვეტი როლი, ექვს თვეში ჩანიშნულ მადრიდის სამიტს ექნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა, უკრაინა და NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ რუსეთის პრეტენზიებია. ელჩის თქმით, ოპონენტების კრიტიკა საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციაა. ვიქტორ დოლიძის განმარტებით, საქართველო ყველა ნაბიჯს პარტნიორ ქვეყანასთან კოორდინირებულად დგამს.

საქართველო-NATO-ს ურთიერთობები, დღეს არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, შესაძლოა, გარდამტეხი კუთხით პოზიტიურად შეიცვალოს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. უმრავლესობის წევრების მოლოდინი განსაკუთრებით მადრიდის სამიტს უკავშირდება, სადაც, მათი თქმით, არსებული საფრთხეების ფონზე პარტნიორებმა მკაფიო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მომხრეა ოპოზიციაც. ოპონენტები, უკრაინაში საომარი მოქმედებების საფრთხის ფონზე, ხელისუფლებას კიდევ უფრო მკვეთრი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.

სიხისტე და შეუთანხმებელი მანევრები მიუღებელია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის. ანალიტიკოსების აზრით, საქართველო ამ ეტაპზე დიპლომატიურად სწორად მოქმედებს. მათი თქმით, ქვეყნის სამომავლო ნაბიჯები საგარეო კუთხით აუცილებლად დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმების შემდეგ უნდა გადაიდგას.

უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, რა ადგილს დაიკავებს საქართველო ატლანტიკური ალიანსის სივრცეში, უფრო ზუსტად, სავარაუდოდ, ზაფხულში NATO-ს მადრიდის სამიტზე გახდება ცნობილი.

დღის ამბები