მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება - სხდომაზე ამჯერად 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
საუბარია მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე. დღევანდელ პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ დაესწრება.
ადვოკატებმა განცხადებები გააკეთეს. მიზეზად, რატომაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოზე არ იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
"მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას ცხადია აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს "სასამართლო პროცესებში", ბრჭყალებში იმიტომ, რომ ცხადია ეს არ არის სასამართლო პროცესები და მისთვის მნიშვნელოვანი არის ქართველ მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან საუბარი, თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზიდან," – ამბობს ექსპრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს. პროკურორებმა წინასწარ არ ისაუბრეს თუ რა მტკიცებულებებს წარადგენენ, თუმცა ადვოკატები კვლავ აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ჩვენ ვგეგმავდით შუამდგომლობის დაყენებას მოწმეების ხელახალ დაკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა "პიჯაკების საქმეზე" ანალოგიური შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის გათვალისწინებით ჩვენ შესაძლოა არა საქალაქო სასამართლოში, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდეთ სარჩელით, მოთხოვნით იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც "პიჯაკების საქმეზე" უარი გვეთქვა ამის მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.