სენაკში ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მეშვიდედაც გადაიდო. ამჯერად სხდომაზე არც "ქართული ოცნების" და არც გახარიას პარტიის წევრები არ გამოცხადდნენ.
შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო მომდევნო სხდომა 31 მარტს ჩაინიშნა. მომდევნო ორშაბათს დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ისევ შეეცდებიან.
"ამ პროცესს არეგულირებს ორგანული კანონი და შესაბამისი მუხლის მიხედვით, უნდა არსებობდეს კვორუმი. რამდენადაც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 16 ადამიანი, შესაბამისად კვორუმი არ არსებობდა და ჩვენ აზრი ვერ დავინახეთ დღევანდელ სხდომაზე დასწრების. აქედან გამომდინარე სხდომა გადაიდო," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ედიშერ ბაღათურიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავა აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობას სენაკის საკრებულოში არ წარმოადგენენ, საბოტაჟის გზა აირჩია.
"პროტესტი აქვს "ქართულ ოცნებას" იმიტომ რომ სენაკის მოსახლეობამ არ მისცა იმდენი მანდატი, რომ იყოს უმრავლესობაში და იყო ისე კომფორტულად, როგორც იყო 8 წლის განმავლობაში. ახლა აღარ არიან უმრავლესობაში, ვეღარ მართავენ ამ სიტუაციას და ყველაზე მარტივი გზა გამოძებნეს, ეს არის საბოტაჟი," - აცხადებს ლაშა კუჭავა.