16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"აშშ პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით" - ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა. დიპლომატი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან მეგობრობით, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარდა. ამიტომ შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავის ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს. დიპლომატმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე სხვადახვა მისიებში, რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

"ოცდაათი წელი - ეს ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ 30 წლიან ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ პროგრესს. მოუთმენლად ველით საქართველოს მიღწევების აღნიშვნას, როგორც მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები