NATO მოსკოვს წერილობით დოკუმენტს მიმდინარე კვირის ბოლოს გაუგზავნის. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ დოკუმენტში ის საკითხები იქნება ხაზგასმული, რომელზეც რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია, თუმცა, NATO თავის ძირეულ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისებზე წასვლას არ აპირებს.
იენს სტოლტენბერგი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარება, მაგრამ ამისთვის რუსეთის მხრიდან დეესკალაცია და დიალოგში ჩართვაა საჭირო. მისივე თქმით, NATO რუსეთის მხრიდან გამოხატული ნებისმიერი აგრესიისთვის მზადაა.
"ჩვენი მიზანია, პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა, შესაბამისად, რუსეთი მეტი შეხვედრისა და დიალოგისთვის მოვიწვიეთ, ასევე, მალე წერილობით წინადადებას გადავცემთ იმ საკითხების შესახებ, რომლის ერთად განხილვა შეგვიძლია და შევეცდებით წინსვლის გზა გამოვნახოთ.
წერილობით დოკუმენტს ამ კვირის ბოლოს გავაგზავნით, ამას ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ვიზამთ. ჩვენ ხაზს გავუსვამთ, რომ მზად ვართ დავსხდეთ და განვიხილოთ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება, სამხედრო აქტივობების შესახებ გამჭვირვალობა, რისკის შემცირების მექანიზმები და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ასევე, დავსხდეთ და მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ძირეული პრინციპებზე კომპრომისისთვის, მათ შორისაა ევროპის ყველა ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა,"-აცხადებს სტოლტენბერგი.