16 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
რა საკითხებზე გაკეთდება აქცენტი ნატოს შტაბბინაში - შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება

უკრაინა იქნება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიუსელში ქართული დელეგაციის შეხვედრებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. მთავარი განსახილველი თემა იმ გეგმის შემუშავებაა, რომელიც რეგიონში ფართომასშტაბიან დაპირისპირებას არ დაუშვებს. დღეს NATO-საქართველოს კომისიის სხდომის გარდა დაგეგმილია შეხვედრები NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკებები NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ცოტა ხნის წინ დაიწყო, ამის შემდეგ კი უკვე გაიმართება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.

ევროპის უსაფრთხოება ახლა კიევსა და თბილისზე გადის, ამბობენ ქართველი კანონმდებლები. მათი თქმით, შეხვედრის ძირითადი აქცენტი სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება, კრიზისზე უკრაინაში და ასევე საქართველო-NATO-ს ურთიერთობებზე.

"მთავარი არის ის, რომ საქართველოს ინტერესების დათმობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ამას ჩვენი ნატოელი პარტნიორები მუდმივად გვეუბნებიან და ეს ძალიან გვახარებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იქნება ვისაუბროთ იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოს ნატო-ში წევრობას ითვალისწინებს და ამ მხრივ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა ეს პროცესები დაჩქარდეს და ნატო-ს წევრებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით," – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აღნიშნავს, რომ სწორედ ახლა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ალიანსის ყველა წევრმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს არსებული საფრთხე, რომელიც აგრესორი სახელმწიფოდან მოდის.

"ახლა არის კიდევ ერთი მომენტი და შესაძლებლობა, რომ ალიანსის ყველა წევრმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც ემუქრება იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს და იმ საფუძვლებს, რაზეც დგას ალიანსი აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან. არსებობს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ მაქსიმალურად ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ნატო-ში, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში რაც შიძლება მალე იქნას სისრულეში მოყვანილი," - აცხადებს ირაკლი ბერაია.

დღის ამბები