16 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
უკრაინა ომის ზღვარზე - რას ფიქრობენ რიგითი უკრაინელები, "კურიერმა" კიევის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა

უკრაინა ომის ზღვარზე - მსოფლიოს ყურადღება ახლა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენებისკენაა მიმართული. "კურიერის" გადამღები ჯგუფი კიევში მუშაობს.

ევროპის ქვეყნები და ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარებას აგრძელებენ. ქვეყნის საგარეო უწყება ამბობს, რომ ახლა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის რისკი დიდია და კრემლის მხრიდან ნებისმიერ სცენარს განიხილავს.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ისმის ოფიციალური პირების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად არიან რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში გასცენ ადეკვატური პასუხი და არ წავლენ არანაირ დათმობაზე.

მსგავს შემთხვევაში საინტერესოა თუ რას ფიქრობენ რიგითი უკრაინელები. "კურიერმა" კიევის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა, დაინტერესდა მოსახლეობის განწყობით თუ რამდენად რეალურად აღიქვამენ ისინი საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან და ასევე როგორ მოიქცევიან ისინი ამ საფრთხის პირობებში.

"ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან აგრესია არ იქნება, ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. თუ რუსეთის პროვოცირება მომავალშიც გაგრძელდება, არ ვიცი რა იქნება. რუსეთმა ხომ ულტიმატუმი ამერიკას წაუყენა და არა უკრაინას. მე პირადად არანაირი შიში თითქოს არ მაქვს," - აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი.

ისინი ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთს გასცენ ადეკვატური პასუხი, ვინაიდან ისინი საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან 2014 წლიდან და გამომუშავებული აქვთ ერთგვარი იმუნიტეტი სტრესულ სიტუაციასთან დაკავშირებით. "კურიერის" რესპონდენტები აცხადებენ, რომ მზად არიან ჩაეწერონ და იყვნენ მოხალისეები საომარ სიტუაციაში და ამაზე საუბრობენ როგორც შუახნის, ასევე ახალგაზრდა ადამიანებიც.

"ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს მეზობელთან ცხოვრების ფსიქოლოგიური იმუნიტეტი უკვე გამოუმუშავდა, ამიტომ ამას უკვე აღიქვამენ როგორც მოცემულობას. ჩვენ გვესმის რისკები და ისიც გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენს გარდა ვერავინ ააშენებს. ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება არა მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგში და მეზობლებთან საერთო ენის გამონახვაშია, არამედ საკუთარ უნარებშიცაა. დახმარების თხოვნა შეიძლება, ვიღაც დაგეხმარება, ვიღაც არა და აქ საკითხების გადაჭრას ჩვენი ძალებით შევეცდებით. ჩვენ ფსიქოლოგიურად გვესმის, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ცვლილება შეიძლება მოხდეს. რაც უფრო სწრაფად შევამზადებთ საკუთარ თავებს ფსიქოლოგიურად თუ ეკონომიკურად, მით უფრო მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით. ნებისმიერი პანიკა გემზე, ეს მინუსია თავად გემისთვის. ცივი გონებით უნდა მივუდგეთ საკითხს. გვჯერა, რომ ძალა სიმართლეშია," - აცხადებს ვასილი გლავკო.

"ვფიქრობ არანაირი აგრესია არ იქნება, ეს უბრალოდ საინფორმაციო ომია. ომი 2014 წლიდან საკუთარი თვალით მინახავს - როცა ჩვენი ქალაქი დაიპყრეს. "ევროპა, ევროპა" - მე აქ მინდა ფულის გამომუშავება და არა ევროპაში," - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

დღის ამბები