16 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ პანიკა არავინ დათესოს და გაავრცელოს - ეს პირველ რიგში რუსეთს სჭირდება" - უკრაინელი პოლიტოლოგი

უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზეა - "კურიერის" გადამღები ჯგუფი კიევში იმყოფება. "კურიერს" ჰქონდა საშუალება გასაუბრებოდა პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტს პეტრო ოლეშუკს, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი თავიდანვე წავიდა ბლეფზე, ის არ აპირებდა შემოჭრას უკრაინაში, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიზარდა წნეხი დასავლეთის მხრიდან, ის უკვე ვალდებულად თვლის თავს, რომ გარკვეული ოპერაცია წამოიწყოს.

თუმცა, პოლიტოლოგის განმარტებებით, ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაცია, ეს იქნება სავარაუდოდ, მცირე შეტაკება, რომელიც მალევე ამოიწურება. ნებისმიერ შემთხვევაში, პეტრო ოლეშუკი არ ელოდება გრძელვადიან დაპირისპირებას რუსეთთან.

რაც შეეხება დასავლეთის დახმარებას, როგორც პოლიტოლოგი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, ის მეტად აქტიურია 2014 წლის შემდეგ, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთს ექნება უფრო მტკიცე პოზიცია და მტკიცე მოთხოვნები რუსეთთან მიმართებაში.

"თავდასხმის სცენარების რეალურობის განხილვა ახლა რთულია. საფრთხე ჯერ კიდევ 2014 წლიდან არსებობს და ვერ ვიტყვი, რომ ახლა სიტუაცია პრინციპულად განსხვავდება. ძალების კონცენტრაცია სახეზეა, თუმცა უკრაინაში ამით ვერავის გააკვირვებ ან შეაშინებ. ვფიქრობ ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ პანიკა არავინ დათესოს და გაავრცელოს - ეს პირველ რიგში რუსეთს სჭირდება.

უკვე ვნახეთ, რომ ჩვენს ეკონომიკაზე პანიკა უკვე ცუდად აისახა, რაც შესაძლოა იყოს რუსეთის ერთ-ერთი მიზანიც. საჭიროა სხვადასხვა ვარიანტებისთვის მზადება, მაგრამ პანიკის გარეშე.

მახსოვს ბევრი მაგალითი, როდესაც მოსახლეობაში დიდი პანიკა იყო, როდესაც მაღაზიების დახლები დაიცალა, ახლა ასეთს ვერ ვხედავ. სიფრთხილე და მზაობა არის, მაგრამ საფუძვლიან, სერიოზულ პანიკას ვერ ვამჩნევ.

სიტუაცია 2014 წლისგან პრინციპულად განსხვავდება. მაშინ ჯარი განადგურებული იყო, დემორალიზებული, ახლა კი გვყავს ჯარი, შეიარაღება, ხალხი საომარი გამოცდილებით. ჯამში უკრაინა უფრო მზადაა ვიდრე პირიქით.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, დახმარება სერიოზულია, მაგრამ არა თანმიმდევრული. მაგალითად, გერმანია მხოლოდ დიპლომატიურ გადაწყვეტაზე საუბრობს, როდესაც აშშ და ბრიტანეთი სამხედრო დახმარებას გვიწევს. ეს სერიოზული რამაა. თუმცა მეტიც შეიძლებოდა," - აცხადებს პოლიტოლოგი პეტრო ოლეშუკი.

დღის ამბები