თბილისში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კონსულტაციები იმართება. "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია და გრძელდება სამუშაო პროცესი ცალკეული ტერმინების შეთანხმების მიზნით. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დაახლობით ერთ საათს გაგრძელდა.
"სულისკვეთება, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივი ინიცირება მომხდარიყო, ვფიქრობ, შედგა. პრინციპების დონეზე ყველა ის მოსაზრება, რომელიც გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს, გათვალისწინებული იყო შეხვედრისას. ტექსტი წარმოადგინა "ქართულმა ოცნებამ", ახლა დარჩა საბოლოო პროცესი, რომ ტექსტის საბოლოო ენა დასრულდეს და მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით ერთობლივ ინიცირებას მოვახდენთ უკვე საღამოს, ბიუროს სხდომაზე,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია დათანხმდება იმას, რომ ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისა და პროვოკაციული განცხადებებისგან, საბოლოო შეთანხმების მიღწევა მარტივი იქნება.
"თუკი ჩვენი კოლეგები, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც სხვა საკითხებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ ხოლმე, წამოვლენ იმაზე, რომ დაცლილი იყოს რეზოლუციის ტექსტი პოპულიზმისა და პროვოკაციული რიტორიკისგან, ამ შემთხვევაში, შეთანხმება მარტივია. დღეს კარგია, რომ მათ პრინციპებზე არაფერი ან ვერაფერი არ თქვენ ან ვერ თქვეს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორი პოზიციაა ის, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ვიცი, რომ ისინი ინტერვიუებში ახსენებენ სიტყვა "სიფრთხილეს", მე კი მიმაჩნია, რომ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა არ არის სიფრთხილე, ეს არის სწორი, პრაგმატული დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით, თუმცა, რაღაც დეტალებზე, რომელიც მართლა არ იყო მნიშვნელოვანი, იყო შენიშვნები, გადავხედავთ და ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები საბოლოო ტექსტზე შეთანხმდებიან, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია დღის ბოლოს, ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს. თუმცა, მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მათ რეზოლუცია დამოუკიდებლად მაინც დაარეგისტრირონ.