დაახლოებით 3 საათია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი, რომელსაც პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფება. მოზარდს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად უნდა მიანიჭონ.
დღესვე ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ დაკავებულ პოლიციელებს. ბრალდებულები უკვე იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალდებულები კი ტერიტორიაზე ისე შევიდნენ, კამერებთან არ გამოჩენილან.
გამომძიებელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, უცნობია, მათი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. მათთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;
ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.