16 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
უკრაინას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, საქართველოს პოზიციისთვის NATO-ს გენერალური მდივნისგან მოწონება მივიღეთ - შალვა პაპუაშვილი 

უკრაინა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებია საუბრის მთავარი თემა ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, ამასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს. 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულებულია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ნატოელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა ანგარიში წარადგინა. საუბრის ძირითადი თემა - რეგიონში არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პარლამენტში საქმიანობა იყო.

"წარმატებული ვიზიტი არის იმ კუთხით, რომ მქონდა ვიზიტი გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე მონაწილეობა მივიღეთ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც რამდენიმე საათიან შეხვედრაზე გვქონდა სხვადასხვა საკითხებზე დისკუსია, მათ შორის უსაფრთხოების სიტუაციაზე რეგიონში და ამ მხრივ აინტერესებდათ NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსაც ჩვენ როგორ ვაფასებთ ამ მდგომარეობას საქართველოში და მეორეს მხრივ, დაგვიდასტურეს კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა რა თქმა უნდა ამ კუთხით.

უკრაინას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. NATO-ს გენერალური მდივნისგანაც ჩვენ მივიღეთ მოწონება საქართველოს პოზიციისა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, ძალაში რჩება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ამას ამბობენ ქართული დელეგაციის წევრები და აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს გზავნილები დახურულ კარს მიღმა გააჟღერეს ნატოელმა პარტნიორებმა. გარდა ამისა, თავის მხრივ ქართულმა მხარემ ნატოელ პარტნიორებთან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინას მხარს უჭერს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოების ხაზი, ის, რაც დღეს გადის უკრაინაზე, თანაბრად ეხება ასევე საქართველოსაც და ამ მხრივ, დასავლეთმა ბევრად უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს რეგიონს და ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები