21 დეკემბერი 2024,   17:03
ვრცლად
რა იცოდნენ "ისნის" მეტროსადგურის თანამშრომლებმა მომხდარი ინციდენტის შესახებ - შშმ არასრულწლოვანის ცემის საქმის ახალი დეტალები 

მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტზე, არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ნუკრი ბაქრაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. ბრალის დადგენილებას უკვე გაეცნო მის მეწყვილესაც. გამოძიების ინფორმაციით კახა ბაკაშვილმა ნახა, როგორ ძალადობდა მისი კოლეგა, მაგრამ ვალდებულების მიუხედავად დანაშაული არ აღკვეთა. მას გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. 

მეტროსადგურ "ისნის" მემანქანე ამბობს, რომ თანამშრომლებმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან პოლიციელებმა მათ მხოლოდ ისტორიის ნაწილი უამბეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ უცხო პირებმა მინა ჩაამსხვრიეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სოციალური ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით კი მოზარდი, პოლიციელს ესკალატორის გავლით, უსაფრთხოების ოთახში მიყავს შედეგ კი სცემს. სავარაუდოდ ყველაფერი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

საიას იურისტი ჯერ ვერ აკონკრეტებს რამ გამოიწვია კონფლიქტი. დღეს ის 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთან ერთად ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც 17 წლის ნეონს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. 

აღნიშნულ კადრებში, 17 წლის ნეონი მეტროსადგურ ისანში მომხდარი ძალადობის შედეგებზე მიგვანიშნებს, მაგრამ მომხდარის დეტალებზე არაფერს ამბობს. მოზარდს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. დაზარალებულის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია და დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ბრალდებული პოლიციელების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო სახელმწიფო ინსტიტუტს ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

დღის ამბები