სამი თვის შემდეგაც უცნობია მოტივი, რატომ გაიმეტეს 25 წლის ქალი სასიკვდილოდ საკუთარი სახლის სადარბაზოსთან. მიზეზის დასადგენად კი 18 ოქტომბრის შემდეგ ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი გრძელდება.
ახალი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ. განზრახ მკვლელობას, ჯგუფური ეპიზოდი დაემატა და ახლა ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გაიზარდა სასჯელის ვადაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც სავარაუდო დამნაშავეების ავტომობილით გადაადგილებას ასახავს, სატელეფონო ზარები და ექსპერტიზის შედგები - ეს ის ახალი მტკიცებულებებია, რომლებმაც, ბრალდებას ბრალის დამძიმების საფუძველი მისცა.
არცერთ წარდგენილ ბრალდებას დაკავებულები არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატების განცხადებით უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას ბოლომდე აპირებენ და მოითხოვენ ბრალდებულებს განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანონ.
გამოძიების შედეგებით დაინტერესებულია, ანასტასია შატალოვას ოჯახიც, "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში, დედა დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს, დარწმუნებულია რომ მკვლელობა შეკვეთილია, ვის უნდოდა 25 წლის გოგოს თავიდან მოშორება, ამ კითხვაზე მშობელს ერთი პასუხი აქვს.
"ჩვენ გვქონდა კონტაქტი ბათუმში ანასტასიას მეგობრებთან, ვიცით რომ მას მტერი არავინ ყავდა, ერთადერთი ვისთანაც უთანხმოება ჰქონდა ყველამ იცით, რომ ბერიძეა, ახლა მთავარია გამოძიებამ დაადგინოს შემკვეთის ვინაობა, ვინ და რატომ მომიკლა შვილი,"- აცხადებს ის.
ზურაბ ბერიძემ ბრალდებას დღეს არ უპასუხა, "კურიერის" გადამღები ჯგუფი მასთან სახლში იმყოფებოდა თუმცა კარი არავინ გააღო. ერთადერთი კომენტარი ბათუმის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მკვლელობის დღეს გააკეთა და დანაშაულთან რაიმე კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.
ბრალის დამძიმება დაკავებულებისთვის კარგია , თუმცა არასაკმარისი - ეს განცხადება დღეს ანასტასია შატალოვას ადვოკატმა გააკეთა, პაატა შავაძე ამბობს რომ მთავარი ახლა შემკვეთის კვალზე გასვლა და მისი პასუხისგებაში მიცემაა.
დადგება თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი ეს გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება. მანამდე კი ანასტასია შატალოვას საქმეზე 3 პირია ბრალდებული, ბექა ლატარიას წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისთვის მიმდინარეობს, მასთან ერთად დაკავებულ ბექა ხასიას ასევე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ედავებიან, რაც შეხება პირს, რომლის სახლშიც ხასია და ლატარია იმყოფებოდნენ ის ბრალდებულია სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის.