კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ მძიმეა. ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მკვეთრი მატების ფონზე, შედარებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი, რასაც სპეციალისტები "ომიკრონის" შტამის მსუბუქი მიმდინარეობით ხსნიან. ჯანდაცვის სექტორი ემზადება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მომავალი 2 კვირის განმავლობაში მეტად გაიზრდება. სწორედ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან ექიმები ახალი ტალღის პიკს, შემდეგ კი მდგომარეობის დასტაბილურებას ვარაუდობენ.
იმისათვის რომ არ მოხდეს ჯანდაცვის რესურსების ამოწურვა და კოლაფსამდე მიყვანა მედიკოსები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციას და სხვა რეგულაციების დაცვას ურჩევენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები დაახლოებით იგივე რჩება და ამავე დროს არც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღინიშნება მატება. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს წესების დაცვას და მათ ვისაც გარკვეული სახის სიმპტომები აღენიშნებათ სახლში დარჩენისა და იზოლაციისკენ მოუწოდებს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლავ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაციასაც.