20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. ბოლო ერთ კვირაში დევნილთა სამინისტრომ ბინით 16 ოჯახი დააკმაყოფილა. 9-ს ფართი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში გადაეცა, 7-მა ოჯახმა კი განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და საცხოვრებელი ფართები თავად მოიძია. ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ პირებს სამ და ორ ოთახიანი ბინები ჩაბარდათ.

დღეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები განსახლების ვადებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტებიც. სახელმწიფო დებს პირობას, რომ წლის ბოლომდე ეტაპობრივად, საცხოვრებელი ფართით სანატორიუმში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებლები დღეს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი წინადადებები შესთავაზეს. ამბობენ, რომ ავარიულ შენობიდან 140-მდე ოჯახის განსახლების პროცესი უნდა დაჩქარდეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ არასაკმარისია თანხა, რომელსაც სააგენტო დევნილებს იმ შემთხვევაში დაურიცხავს, თუ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს თავად მოიძიებენ.

დევნილთა სააგენტოში განმარტეს, რომ საუბარი იყო კონკრეტულ ვადებზე, თუ როდის მოხდება სანატორიუმ "ქართლიდან" ყველა დევნილი ოჯახის განსახლება. პარალელურად, მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან გრძელდება.

შეხვედრას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ილია ღუდუშაური ამბობს რომ, ვიდრე იძულებით გადაადგილებულებს საკუთარ სახლებს გადასცემენ, სამინისტრო ისევ სთავაზობს ბინის ქირის საფასურის ანაზღაურებას.

ხელისუფლებაში ერთ-ერთ პრიორიტეტად დევნილთა საკითხებზე მუშაობას ასახელებენ. განმარტავენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში 27 000 დევნილი ოჯახი განსახლდა, თუმცა მომდევნო უახლოეს წლებში საცხოვრებელი ფართით კიდევ ათასობით ოჯახი დაკმაყოფილდება.

დღის ამბები