17 066 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი - ეს არის კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში. სამი დღეა ეს რიცხვები თითქმის ერთნაირია, თუმცა ინფიცირებულთა მაჩვენებლებში მატულობს ბავშვების და ორსულების რაოდენობა.
ეს პიკი არ არის. ინფიცირებულთა რაოდენობა 2 კვირის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. სავარაუდოდ სწორედ თებერვალში გვექნება ორ წლიანი პანდემიის რეკორდული მაჩვენებელი.
ამ დროისთვის კი მხოლოდ ერთ კლინიკაში 170 ბავშვია მოთავსებული. რეალობა ასეთია: სიხალვათე აცრის პუნქტებთან და რიგები PCR ტესტის გაკეთების მოლოდინში.
ინფიცირებულთა მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. რიგი არ წყდება ტესტირების განყოფილებასთან.
მხოლოდ ბოლო 5 დღეში 80 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რის გამოც ზეწოლა პირველადი ჯანდაცვის რგოლზე განსაკუთრებით გაიზარდა. მცირედით, თუმცა მაინც ბოლო ორ დღეში კლინიკებში მიმართვიანობამაც მოიმატა. პაციენტები ძირითადად 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და უმეტესი მათგანი არ არის ვაქცინირებული.
გაიზარდა ინფიცირებული ფეხმძიმეების მიმართვიანობაც. ბოკერიას კლინიკაში გასულ დღე-ღამეში 40-მდე პაციენტი მიიღეს. უმეტესი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არის მძიმე შემთხვევებიც. ამ დროისთვის ორსულებისთვის დაშვებულია Pfizer-ის ვაქცინა, რომლის ანტისხეულებიც, ექიმების თქმით, იცავს როგორც დედას, ისე ნაყოფს.
ომიკრონის მასობრივი გავრცელება პედიატრიულ განყოფილებებზეც აისახა. მხოლოდ ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 170-მდე მცირეწლოვანი მკურნალობს. უმეტესი მათგანის ინფიცირების წყარო ოჯახია. რადგან ვაქცინაცია საქართველოში 12 წლამდე დაშვებული არ არის, ექიმების რეკომენდაციაა აიცრან მშობლები და ოჯახის სხვა წევრები, ინფიცირების რისკების შესამცირებლად.
ვაქცინაცია, ბუსტერ დოზების გაკეთება და რეგულაციების მკაცრი დაცვა - ამ დრომდე ვირუსთან ბრძოლის შეუცვლელ იარაღად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი შედარებით ნაკლები სიმძიმით ხასიათდება, ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა ყველასთვის ერთნაირად უსაფრთხო არ აღმოჩნდეს.