20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
დისტანციურ სწავლაზე გადასულია 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი - როგორია კოვიდვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

როგორია ეპიდვითარება სკოლებში - ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე ამ დროისთვის 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი რისკის-ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

უწყების ცნობით, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე მყისიერად გადადის.

"სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება," - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

დღის ამბები