ერთკვირიანი დაძაბული კონსულტაციების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. შეწყდება, თუ არა ბოიკოტი ჯერ უცნობია. პარტიის ლიდერებმა ამ ეტაპზე მხოლოდ ის თქვეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ბრძოლისთვის პარტია ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს.
რა გამოხმაურება მიჰყვა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ აქტიური პოლიტიკური სეზონის დაანონსებას მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ მათ ქუჩაში აქტიურობის რესურსი აღარ აქვთ, ამ აქტიურობის პარლამენტში გაგრძელებას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში დესტრუქციული ქმედებების საშუალებას არ მისცემენ.
"ის, რაც ქუჩაში ვერ განახორციელეს რესურსის არარსებობის გამო, ახლა შეეცდებიან პარლამენტში გააგრძელონ, მაგრამ ამის არანაირი შანსი არ ექნებათ, იმიტომ რომ ამის უფლებას მათ არავინ მისცემს. ისინი ხედავენ, რომ ქუჩაში მათ რესურსი უკვე აღარ აქვთ, საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ბოლო როცა ისინი აანონსებდნენ მასობრივ აქციებს, ვნახეთ რომ საკუთარი აქტივისტების შეკრებაც კი უჭირდათ," - აცხადებს გივი მიქანაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე წინაპირობა დაუკმაყოფილონ:
"არანაირ წინაპირობას და პირობას ჩვენ მათ არ დავუკმაყოფილებთ. მოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ როგორც წესი და რიგია. შემოვლენ თუ არა მათი გადასაწყვეტია, მე ვიმეორებ და ბევრჯერ ვთქვი, რომ მათ ოპოზიციური ფლანგისთვის დამანგრეველი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩიეს და ამის ნაყოფს იმკიან დღეს და ვერ გადაუწყვეტიათ 2 წლის თავზეც კი, პარლამენტში უნდა იმუშაონ თუ არა,"- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.