18 274 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი, ასეთი კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. "ომიკრონი" ვრცელდება, თუმცა უმეტესობა მსუბუქი მიმდინარეობისაა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 1%-ს დასჭირდა. შემთხვევების მატება არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე, მობილიზებული საწოლების 40% თავისუფალია. მედიკოსები ამბობენ, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში კონტროლდება.
ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან განიხილა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურებას და დაგეგმილ აქტივობებს ეხებოდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა, საქართველოს მსგავსად მზარდია მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა და "ბუსტერ" დოზით აცრილთა რაოდენობამ იმატა, ქვეყნების უმეტესობამ კოვიდრეგულაციების გაუქმება გადაწყვიტა.