19 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
იქნება თუ არა ომი უკრაინაში - რა მოლოდინები აქვთ რადას დეპუტატებს

მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ არის მიპყრობილი. რუსეთის ულტიმატუმი, კრემლმა შტატებიდან უკვე მიიღო პასუხიც და ახლა უკვე ყველა ამ "პასუხის პასუხის“ მოლოდინშია. რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს, რომ NATO-მ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი თქვას, დასავლეთის პოზიცია კვლავ უცვლელია, რომ სახელმწიფოებმა არჩევანი თავად უნდა გააკეთონ და ეს პრინციპი არ გადაიხედება. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა და როგორც ითქვა, რუსეთის პრეზიდენტი პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა გზით წავა.

ფაქტია, რომ რუსეთის ქმედებები და სამხედრო მობილიზება დადებით მოლოდინებს არ აჩენს, ამიტომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ცდილობს. სიტუაცია ყოველდღიურად უფრო და უფრო იძაბება.

ვიდრე პუტინი ფიქრობს და სამხედრო შტაბთან კონსულტაციებს გადის, მისი ფოტო უკრაინაში საწვრთნელ პოლიგონებზე სამიზნე ტომრებზე აქვთ გაკრული. სამხედრო სწავლებები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ამაში ჩართული არიან როგორც არმიის დანაყოფები, ასევე სამოქალაქო პირები. სქესის და ასაკი განურჩევლად მოხალისეები რეზერვში ეწერებიან და სწავლობენ, საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვან საკუთარი თავი და ქვეყანა.

ვიდრე რეზერვისტები საბაზისო სწავლებას გადიან, ჯარი უფრო რთული გამოწვევების საპასუხოდ ემზადება. მათ შორის მიმდინარეობს სწავლება საარტილერიო შეტევის მოგერიების მიზნით.

განსაკუთრებული მობილიზებაა უშუალოდ სასაზღვრო ზოლზე. აქ გამზადებულია სანგრები და შეტევის მუდმივ მოლოდინში სამხედროები აკვირდებიან იმ მიმართულებას, საიდანაც არც ისე შორს, ზოგ შემთხვევაში, 30-40 კილომეტრის დაშორებით რუსული ჯავშანტექნიკა და ათეულობით ათასი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია. გასული დღეების განმავლობაში ნეგატიური ნიშანი, იყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ საზღვრებთან განლაგებული სამხედროებისთვის რუსეთმა სისხლის მარაგიც ჩაიტანა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაჭრილებს დაეხმარონ.

გარდა ამისა რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტი სამხედრო ძალის მობილიზებას ცდილობს ასევე მიმდინარეობს ინტენსიურად წვრთნებიც. ამაში იგულისხმება როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო სწავლებები.

რადას დეპუტატები კი რუსულ ნაბიჯებს სახიფათოდ აღიქვამენ და აცხადებენ, რომ რუსული აგრესია საყურადღებოა. 

დღის ამბები