შეუწყდებათ თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს? - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ეს საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილში მანდატების შეწყვეტის საკითხის დაყენებას, უსამართლოს უწოდებენ:
"ის განაჩენი, რომელიც სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს გამოუტანა, იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია ამ განაჩენის საფუძველზე სერიოზულად დაისვას საკითხი მანდატის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის საკითხს, მისთვის მანდატის შეწყვეტა ჩემი აზრით, გამორჩეული უსინდისობა იქნება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პროცედურულად ეს საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, რადგან ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
"ნათელაშვილი-ხოშტარიას საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სხდომას არასაპატიოდ გააცდენს, ეს იქნება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ნათელაშვილი და ხოშტარია კი არ ყოფილან საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, კომიტეტი ვალდებულია ეს საკითხები განიხილოს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, თუ მის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.