16 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია - რეზოლუციის დარეგისტრირებას დაპირისპირებისა და კამათის გარეშე არ ჩაუვლია

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტის ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ტექსტს, ბიუროს სხდომაზე, NATO-ს შტაბბინიდან დაბრუნებულმა სპიკერმა დასავლელი პარტნიორების ინტერესების გამტარი უწოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მიზანი უკრაინაში მშვიდობის მხარდაჭერა და პარალელურად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა.

რეზოლუციის დარეგისტრირებას დაპირისპირებისა და კამათის გარეშე არ ჩაუვლია. ყოფილი სახელისუფლებო პარტიისა და ლელოს ლიდერებმა კოლეგებს რეზოლუციის მხარდასაჭერად კონკრეტული წინაპირობა წაუყენეს

ოპონენტების კრიტიკას და მოთხოვნებს, პოპულისტური უწოდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია შეახსენა. მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს "ნაციონალების" მხრიდან არასახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ უკვირს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დღეს იმითაც დაინტერესდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ოპოზიციური პარტიები თუკი უმრავლესობა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკმარისი ხმების მობილიზებას ვერ შეძლებს.

მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე ოპონენტებმა დღეს პასუხის დაკონკრეტება არ ისურვეს და შეკითხვითვე უპასუხეს. ფრაქცია "რეფორმების" ჯგუფის წარმომადგენელმა ოპონენტი, რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. საპასუხოდ მდინარაძემ სტრასბურგის გადაწყვეტილება მოიყვანა და კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2012 წლამდე რუსეთ-საქართველოს ომის საქმეში მთავარი სამხილი, ისკანდერის რაკეტები, გამქრალი იყო. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო რუსული მხარის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენის მიღწევა.

დაუჭერს თუ არა, ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ, უკრაინასთან დაკავშირებით ინიცირებულ რეზოლუციას მხარს, ხვალ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე გახდება ცნობილი. რეზოლუციას კენჭს სწორედ ხვალ უყრიან.

დღის ამბები