საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს "ომიკრონის" შტამით ინფიცირების მორიგი რეკორდია.
სპეციალისტები მოსახლეობას ისევ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს.
"პიკური მაჩვენებელი ეს თვე გაგრძელდება. შემდეგ თანდათან უნდა დაიწყოს კლებამ. ვირუსმა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მოიცვა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი. ამბულატორიული სექტორი განსაკუთრებით დაიტვირთა, რადგანაც ძალიან ბევრი ინფიცირებულია,"- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში ისევ არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევების რაოდენობა 35 000-მდე ავიდეს:
"ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან კი, უკვე კლებას დაიწყებს, ასეთია პროგნოზი, რომელსაც ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე. რეალურად, სადღაც 30-35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ,"- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.