პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კამათის ფონზე მსჯელობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქართული "ოცნების" და გახარიას "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული პროექტები უნდა განეხილა, თუმცა გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ საკუთარი პროექტი უკან გაითხოვა.
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიც არის მმართველი პარტია, პარლამენტში გასულ კვირას დარეგისტრირდა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი შეშფოთებულია შესაძლო სამხედრო ესკალაციით უკრაინაში, რაც თავის მხრივ უქმნის საფრთხეს არა მარტო უკრაინას, არამედ რეგიონში არსებულ უსაფრთხოებას. ამავე დროს ტექსტში აღნიშნულია, რომ ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ამ სუვერენული უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
ტექსტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ არ დაუშვას სამხედრო ესკალაცია და ომი უკრაინაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი პარლამენტს მოუწოდებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ.
"რეზოლუციას, რომელსაც წარმოგიდგენთ და რომელიც ერთადერთია, მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისათვის, უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიემართება არა მარტო დღევანდელობას, არამედ მომავალს და წარმოადგენს საქართველოს პოზიციის დაფიქსირების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს," - აცხადებს გიორგი ხელაშვილი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ კი აღნიშნა, რომ მას პირადად რეზოლუციის სათაური არ მოსწონს.
"ვფიქრობ, რომ რეზოლუციის პროექტი ბიბლია არ არის, რომ არ გადაიხედოს და ალბათ პარლამენტის მუშაობის პროცესში პროექტში დისკუსიები და განხილვები შესაძლებლობას ტოვებს, რომ ვისაუბროთ. რეზოლუციის სათაური მე პირადად არ მომწონს, ვინაიდან თვითონ რადა გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ახორციელებს სამხედრო შანტაჟს უკრაინის ევროპული ევროატლანტიკური მისწრაფებების დაუშვებლობის მიზნით და სადღაც ეს რომ იყოს, ცუდი არ იქნება," - ამბობს თეონა აქუბარდია.
რეზოლუციის ეს ტექსტი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვის, რადგან მათი განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია არის ზედმეტად ფრთხილი და მასში არ არის საუბარი კონკრეტულ საფრთხეზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება რუსეთის და რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიული ქმედებები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, ისინი მზად არიან მხარუი დაუჭირონ დოკუმენტს, თუ მასში ნახსენები იქნება რუსეთი, როგორც აგრესორი.
"ჩვენი თხოვნა იქნება, რომ საქართველოს სახელმწიფოს და პარლამენტის სახელით მესამე აბზაცში ერთობლივი რეზოლუციის მიღების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩაემატოს ის სიტყვები - რუსეთის ფედერაცია, რომელიც იყო პირველად დოკუმენტში და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ რეზოლუციას," - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, რეზოლუციის ტექსტის მესამე აბზაცში, სიტყვა რუსეთის ფედერაციის ჩამატების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს.
საგარეო კომიტეტის სხდომის დროს კამათი ასევე "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ის ამბობს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომი სურს.