აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყებისგან შაქრის საზომი ახალი თაობის აპარატების გადმოცემას მოითხოვენ. ადგილზე შეკრებილთა განცხადებით, აპარატები, რომლებიც მათთვის სახელმწიფო დახმარების ფარგლებში იანვარში უნდა გადაეცათ, ამ დრომდე არ მიუღიათ.
აქციის მონაილეთა მოთხოვნებს სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ იანვარში შესყიდვის პროცესი დაიწყო, რის დასრულებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
"პროგრამა დამტკიცდა იანვარში, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს კონსულტაციები, შესყიდვის პროცედურები, იმისთვის, რომ დაზუსტდეს გარკვეული პარამეტრები და რამდენადაც პროცედურა ამის შესაძლებლობას იძლევა, შესყიდვა დასრულდება იმ ვადაში. ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალები მშობლებთან ერთად გავიაროთ, მე მესმის, სჭირდებათ მათ პასუხები შეკითხვებზე რომელიც აქვთ და ასევე, იმაზეც, რატომ უწევთ გარკვეულ შემთხვევებში დამატებითი თანხის გადახდა," - აცხადებს თამარ გაბუნია.