დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ აღებისთვის დაკავებულმა მაღალჩინოსანმა დუმილი არც სასამართლო დარბაზში დაარღვია. სატრანსპორტო კომპანიის ნომერ მეორე ავტობაზის ხელმძღვანელი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
დუმილის უფლებას იყენებს კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული კიდევ სამი პირი. დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა საქალაქო სასმართლოში თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა. მიხეილ ჯონჯოლია დაკავებულების ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვებას რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით ხსნის. ამბობს, რომ ბრალდებულების გათავისუფლებით სხვა დანაშაულის ჩადენის საშიშროებასთან ერთად, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეც არსებობს. ამ გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლეს შუამდგომლობებით მიმართეს დაკავებულების ადვოკატებმაც, რომლებმაც ბრალდებულების გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს. უფლებადამცველებისგან ირკვევა, რომ საქმეში მთავარი მტკიცებულება მედიისთვის უცნობი პირის ჩვენებაა. ადამიანის, რომელმაც საგამოძიებო უწყებას სატრანსპორტო კომპანიაში არსებული კორუფციული სქემის შესახებ კონკრეტული ინფორმაციით მიმართა. იურისტები ასახელებენ კონკრეტულ თანხებსაც. საუბრობენ გამოძიების ვერსიაზეც, თუ რა მოტივით იღებდნენ ქრთამს დაკავებულები ათობით პირისგან.
ქრთამის აღების სქემა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი დღის წინ გაშიფრა. კორუფციის საქმეში ის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც დევს, რომელიც გამოძიებამ მოსამართლის განჩინებით ფარული მიყურადების შედეგად მოიპოვა. აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრით სასამართლო არსებით განხილვაზე გადადის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.