კახა კალაძეს ახალი ინიციატივა აქვს - თბილისის მერის თქმით, მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით და ინიციატივით დედაქალაქის მერი საქართველოს პარლამენტს მიმართავს.
თბილისის მერიაში ახალი ინიციატივის მიღების მიზნებზე საუბრობენ. როგორც აცხადებენ, არსებული მდგომარეობით თბილისის მერიის მიერ დაჯარიმებული უკანონო მშენებლობები ასაჩივრებენ დაკისრებულ ჯარიმებს, რის შემდეგაც არ იბარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემას ქმნის.
"ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური საკითხია უკანონო მშენებლობები ოპოზიციისთვის, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო 2017 წლიდან მოყოლებული. არ გაგვიჩერებია მუშაობა ამ მიმართულებით და ახლაც ბევრი რამ გავაკეთეთ. გავაორმაგეთ მუნიციპალური ინსპექციის რესურსი, რეფორმა განვახორციელეთ, ჯარიმები გავზარდეთ, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დღეს უკვე შეგვიძლია რეალურად, შედეგებით საუბარი. უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, არის დაახლოებით 8-ჯერ უფრო მკაცრი, ვიდრე წინა ხელისუფლებებში ხდებოდა ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერის ინიციატივას საკრებულოში ეხმაურებიან.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, ანა გოგოლაძე ამბობს, რომ მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრად უფრო ადრე მიეღო.
"9 წლის განმავლობაში შეეძლო ქალაქის მერს აღნიშნული ინიციატივით შესულიყო პარლამენტში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოზიციამ სააშკარაოზე გამოიტანა ის მასიური უკანონო მშენებლობები, რაც ქალაქში მიმდინარეობს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა მერმა აღნიშნული ინიციატივით მიემართა პარლამენტისთვის.“ - განაცხადა ანა გოგოლაძე.
განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა.
„ქალაქის იერსახე, სახელმწიფო მიწის მიტაცება და ა.შ. არის ის წითელი ხაზები რომელზეც, არ აქვს მნიშვნელობა პოზიციაში ხარ თუ ოპოზიციაში, უბრალოდ არ უნდა გადახვიდე და თუკი არის გარკვეული ხარვეზები, უდა აღმოფხვრა,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.