რუსთავში ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. გახსნას "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება შატაკიშვილის კონკურენტი ოპოზიციიდან 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში. არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ გახდა, რაც ქალაქის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.
"ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რუსთავში და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. გვყავს ღირსეული კანდიდატი – ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული პროფესიული საქმიანობის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პარლამენტის წევრი, რომელიც იზრუნებს რუსთავზე და გარდაბნის ისტორიულ სოფლებზე," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მათ ბევრ საუკეთესოს შორის საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს:
"დარწმუნებული ვარ ერთი ღირსეული კანდიდატი და თავის მშობლიურ ადგილზე მზრუნველი ადამიანი შეემატება პარლამენტს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თავად კანდიდატი პირობას დებს, რომ ამომრჩეველთან აქტიური კომუნიკაცია ექნება და გამარჯვების მოლოდინი აქვს.