16 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
შუალედური არჩევნები რუსთავში - ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" კანდიდატი საარჩევნო მარათონს დამაჯერებლად მოიგებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ რუსთავი-გარდაბანის ოლქს კვლავ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი ეყოლება. ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად შუალედური არჩევნებისთვის რუსთავში ოფიციალური კამპანია ირაკლი შატაკიშვილის შტაბის გახსნით დაიწყო. კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" კანდიდატი საარჩევნო მარათონს დამაჯერებლად მოიგებს.

ელექტორატის მხარდაჭერის იმედი აქვს თავად ირაკლი შატაკიშვილსაც. "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ახალი სახე ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას რუსთავის ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრას დაუთმობს.

საკანონმდებლო ორგანოში თანაპარტიელი მაჟორიტარის ყოფნას პრინციპულად საჭიროს უწოდებს რუსთავის მოქმედი მერი და ყოფილი დეპუტატი. ნინო ლაცაბიძის თქმით, მაშინ როდესაც ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური შემადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულად საქმიანობას აფერხებს, მისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში ქალაქს სანდო პარტნიორი ჰყავდეს.

ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის აუცილებლობაზე დღეს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც ისაუბრა. მამუკა მდინარაძის აზრით, რუსთავის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივისთვის ოცნების კანდიდატს ალტერნატივა არ ჰყავს.

შუალედური საპარლამენტო არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში 2 აპრილს გაიმართება. ვინ დაუპირისპირდება შუალედურ არჩევნებში ირაკლი შატაკიშვილს ოპოზიციიდან ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები