16 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის გასააქტიურებლად "ქართული ოცნება" ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს

"ქართული ოცნება" ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და პოლიტიკაში ქალების როლს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

"ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა გარემოებების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კოდექსის ფარგლებში წარვადგინეთ.

ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო თანამდებობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის  გზას მეტი წარმატებისკენ, როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.

ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად მომავალი კვირიდან გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები