დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ იანვარ-თებერვალში, კორონავირუსით რეინფიცირების 96 000 უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პირებში, ვისაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი.
"96 000-მდე უნიკალურ ადამიანში, იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირება, თვითონ რეინფიცირების რიცხვი, რა თქმა უნდა, მეტია.
გვაქვს ერთხელ რეინფიცირების შემთხვევები, ძირითადად ასეთია - ანუ, როცა ერთხელ იყო დაინფიცირებული და მეორედ დაინფიცირდა; გვაქვს ორჯერადი რეინფიცირება, როცა ადამიანი ორჯერ იყო ინფიცირებული და, ასევე, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში - სამჯერ დაიფიცირებულებიც," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. 13 თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისშია, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა.