პარლამენტში უკვე თითქმის ორი საათია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატებს უსმენენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კითხვებს ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს უსვამენ.
ხელისუფლების ოპონენტები კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო.
დეკანოიძეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, შერჩევის პროცესში მონაწილე არცერთ პირს, მათ შორის, არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს კითხვის ნიშანი არ გასჩენია პროცესის გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროა, როდესაც ამ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობთ. არ ვიცი, რამ განაპირობა ეს. დამშვიდდით! განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი დიდი ხანი არ გქონდათ 2012 წლამდე და ახლა მაინც გქონდეთ იმის მოთმინების უნარი, რომ განსხვავებული აზრი მიიღოთ, თუ არ მიიღებთ, მოისმინოთ," - მიმართა ანრი ოხანაშვილმა დეკანოიძეს.
თავის მხრივ, კანდიდატები საკუთარ ხედვებზე საუბრობენ.
"მე მექნება ჩემი ხედვა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვაპირებ პრაქტიკაში დავნერგო წესი, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს მივცე უფრო მეტი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან. აქტიურად გამოვიყენო მოწმეთა და დაზარალებულთათვის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვა," - აღნიშნა ერთ-ერთმა კანდიდატმა კარლო კაციტაძემ.
"მთავარი ხედვა ეს არის დამოუკიდებლობის ხარისხის უზრუნველყოფა, სწორედ ამ მიმართულებით იქნება ჩემი ამომწურავი პასუხები, მოველი რომ კომიტეტის მხრიდანაც სწორედ ამ კუთხით იქნება კითხვები დასმული და მაქსიმალურად ამომწურავად და დასაბუთებულად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს," - განაცხადა კანდიდატმა ემზარ გაგნიძემ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა.