ოპოზიციონერი დეპუტატების ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მმართველმა გუნდმა უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. საკითხზე კენჭისყრა კი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ახალ ტალღას იწყებს.
"საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გაუქმდება ეს გადაწყვეტილება, თუ არა საქართველოში, მაშინ სტრასბურგში. სამართლიანი საფუძველი მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს, როგორც ამბობენ და როგორც ძალიან დასაბუთებულად ამტკიცებენ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი იურისტები. აქედან გამომდინარე, თუკი ხვალ იქნება მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა,"-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა "ქართული ოცნების."
"საპარლამენტო მანდატს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ პერსონას ანიჭებს მათი ამომრჩეველი და მათი გადასაწყვეტია, ეს ადამიანი იქნება პარლამენტში და თუ ის ადამიანი არ შეასრულებს ამომრჩევლის ნებას, შემდეგ არჩევნებზე თვითონ ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას. არავინ ეკითხება უმრავლესობას, რომ ამომრჩევლის ნაცვლად გადაწყვიტოს ნებისმიერი დეპუტატის ბედი - თუ, რა ტქმა უნდა, სახეზე არ გვაქვს მარალი სტანდარტით დადგენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა,"-აცხადებს კირკიტაძე.
"რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით კი, მანდატების შეწყვეტა პარლამენტში დემოკრატიულ პროცესს დააზარალებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პარტიული სიებიც ჩახსნილია და პარლამენტარების ჩანაცვლება ამომრჩეველთა სიიდან ვერ მოხდება.
"ბადრი ჯაფარიძის შეთხვევაში, ეს არის ცალსახად პოლიტიკური მოტივებით დაწყებული პროცესი და მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სასესიო მოსმენის დროს, ქართული ოცნება ამ წითელ ზღვარს არ გადალახავს,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.