"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ფიქრობენ, რომ ენმ ცდილობს კანონი საკუთარ ინტერესებს მოარგოს, რაც შეუძლებელია.
"თავის დროზე გახსოვთ, ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გზის მოჭრა უკან. დღეს სწორედ მათ სურთ უკან დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილებების გამო ამას ვერ აკეთებენ. დროა, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს და როდესაც რაღაც გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს როდესაც ყველა არწმუნებდა, რომ ეს რ გაეკეთებინათ, დღეს სრულიად საპირისპირო ბრიფინგებით თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ. ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლით ჩვენ არ ვაპირებთ," - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა მიუთითებს, რამდენად რადიკალური და უპრინციპო ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას.
"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრული, უპრინციპო, რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. თქვენ გახსოვთ მათი განცხადებები, რომ გაყალბებული არჩევნებით ჩვენ არ შევალთ, მერე იძახდნენ, იქ რომ დაჯდე მონა უნდა იყოო, მერე თქვეს რომ თქვეს, გამორიცხულია როგორ უნდა შევიდეთო და შემოვიდნენ, მერე ისევ გავიდნენ, ახლა სიები ჩახსნეს. ასეთი უპრინციპო, მორალისგან დაცლილი, მანდატის მქონე საერთოდ სჭირდებათ პარლამენტში?" - ამბობს ირაკლი ზარქუა.