რა შეიცვალა 2020 წლის შემდეგ და რატომ სურს "ნაციონალურ მოძრაობას" მათ მიერვე გაყალბებულად გამოცხადებული არჩევნების პროტესტის ნიშნად გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენა - ოპოზიციურ პარტიაში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა საპროტესტო აქციებითა და პერფორმანსებით გაუქმებული შემადგენლობების აღდგენას ითხოვენ.
"ნაციონალები" ამბობენ, რომ მიშელის შეთანხმებამ, რომელსაც 4 თვის დაგვიანებისა და ანულირების შემდეგ შეუერთდნენ, ობიექტური პოლიტიკური რეალობა შეცვალა.
"ნაცმოძრაობის" ინიციატივის მხარდაჭერას, პარლამენტში ის ოპოზიციური პარტიებიც გეგმავენ, რომლებმაც კოლეგების მსგავსად ჯერ სიებსა და მანდატებზე უარი თქვეს, შემდეგ კი პარლამენტში შევიდნენ. მათი ნაწილი წარსულ პოლიტიკურ ნაბიჯს შეცდომას არ უწოდებს, თუმცა არც ახალი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე სურს საუბარი.
კოლეგებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს ალეკო ელისაშვილი, რომელმაც საპარლამენტო სია ბოიკოტის დროს არ ჩახსნა და ამის გამო მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან. ინიციატივას დაგვიანებულად მიიჩნევენ "გირჩშიც", თუმცა ამბობენ, რომ კანონში არსებული მუხლი სიების გაუქმების შესახებ პრობლემურია და დემოკრატიულ სტანდარტებს სცდება.
კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგების კიდევ ერთი მცდელობა - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია "ნაცმოძრაობის" შეთავაზებაზე. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპონენტების ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობის ძირეულ ცვლილებას მოითხოვს, რაც გამორიცხულია. საპარლამენტო უმრავლესობაში კოლეგებს, დღეს, პოლიტიკური შეცდომების გააზრება და სახელმწიფოებრივად მოქმედება ურჩიეს.
დააინიცირებს თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობა" იმ მოთხოვნით, რაზეც უარი თავადვე თქვა, ჯერჯერობით უცნობია.