ბიუროს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის გაუქმებული მანდატის საკითხზე ისაუბრეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პოლიტიკურ რეპრესიებზე მიუთითებს.
"არ შემიძლია ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გამოვეხმაურო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძეს რომ დანაშაული ეღიარებინა, მას მანდატი არ შეუწყდებოდაო. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ გადაწყვეტულების სამართლებრივ საფუძვლებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეთანხმება.
"უფლებამოსილების შეწყვეტას ორი განზომილება და სამართლებრივი საფუძველი აქვს. მე სრულად ვიზიარებ კობახიძის ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება, სახელმწიფოს აღიარება, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას. ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ირაკლი კობახიძეს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.