08 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
"ჩემს შვილთან მინდა ვიყო, სათქმელი რაღა მაქვს..." - ქალს, რომელიც საკუთარი ჩვილის გაგუდვაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა

"ჩემს შვილთან მინდა ვიყო, სათქმელი რაღა მაქვს, დამეხმარეთ, გეხვეწებით" -  დიანა კაზნაფეროვამ სასამართლო პროცესზე ეს ერთადერთი წინადადება თქვა და 5 წლის შვილთან დაბრუნება ითხოვა. სასტიკ დანაშაულში, საკუთარი ჩვილის გაგუდვაში ბრალდებული ქალი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მასალები, რომელიც საქმეში დევს საკმაოდ მძიმეა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალმა, საკუთარ ბინაში იმშობიარა, ჩვილი გაგუდა და უნიტაზში ჩააგდო. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, კაზნაფეროვა ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთანაც თანამშრომლობს.

სასამართლო პროცესზე პროკურორი დიანა კაზნაფეროვას პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ქალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ახლა უკვე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რამაც ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

სასამართლო პროცესს ბრალდებული დედის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ისინი მედიის მიმართ კვლავ აგრესიულად იყვნენ განწყობილი.

დანაშაული ფოთში სამი დღის წინ მოხდა. მეზობლები გვიყვებიან, რომ ოჯახი დევნილთა დასახლებაში წლებია ცხოვრობს. ადგილობრივებს საზარელი ამბის დაჯერება უჭირთ, თუმცა სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა ახალშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც სისტემა გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მილში ჩაგდებამდე იყო თუ არა ბავშვი ცოცხალი.

დღის ამბები