ხმაური ბათუმში - სასტუმრო "ჰილტონთან" "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ექვსი პირი დააკავეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რომელიც აქციის პარალელურად, სასტუმროში უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.
ოპოზიციის წევრები სასტუმროს შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შევიდნენ.
როგორც ენმ-ს წევრები ამბობენ, მათ ირაკლი კობახიძესთან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კონკრეტული კითხვები აქვთ.
საკონფერენციო დარბაზთან იმყოფებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ნაზი ფუტკარაძეც, რომელიც აცხადებდა, რომ მისი ძმის, ასევე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.