9 400 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის ბოლო მონაცემები საქართველოში. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ არსებული მონაცემები "ომიკრონის" დასასრულზე არ მიუთითებს, თუმცა სტაბილური მდგომარეობის მანიშნებელია. მათი თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირაში ტალღა კიდევ უფრო შესუსტდება. კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტებისთვის თავისუფალი საწოლები 2000-ზე მეტია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე "კურიერთან" აცხადებს, რომ სწორედ მომდევნო კვირის სამშაბათი იქნება, ერთგვარად, გადამწყვეტი, შეინარჩუნებს თუ არა ომიკრონის შემცირებული სტატისტიკა სტაბილურობას.
"სტატისტიკის შესაბამისად, სწორედ სამშაბათი არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ უკვე შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. მომდევნო დღეების განმავლობაში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება გაგრძელებული, შენარჩუნებული და ალბათ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში საქართველოში იქნება დასრულებული," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.