მოხდა თუ არა პოლიტიკური გარიგება ჯაფარიძე-ინაშვილს შორის - კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული იყო დღეს მმართველი გუნდი.
"ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, "ლელომ" ამ ნაბიჯით დაადასტურა,რომ ის სპეკულირებს პოლიტიკური ორიენტაციით და მზად არის ყველაფერი გააკეთოს რათა საკუთარ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიოს.
მმართველი გუნდის თქმით, მიუხედავად იმისა ვის შეხვდება და რა პოლიტიკურ სვლებს გააკეთებს ბადრი ჯაფარიძე მისი შანსები რუსთავის შუალედურ არჩევნებში მიზერულია.
"ეს ადამიანები პოლიტიკაში გამოირჩევიან სიყალბით და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრით. ეს ადამიანები არაერთხელ გვახსოვს, რომ ამ პარტიას მოიხსენიებდნენ პრორუსული ღირებულებების მატარებლად, ისინი გამორიცხავდნენ მასთან თანამშრომლობას. ესენი ყველაფერს კადრულობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, გამოირჩევიან სიყალბით და ისინი პოლიტიკაში შემოვიდნენ იმისთვის, რომ პოლიტიკური იმუნიტეტს ამოფარებოდნენ,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ როგორც "ლელოს" ქცევა პოლიტიკაში პატიოსან ხაზს არ ატარებს. მისივე თქმით, არ არის ასევე სწორი დამოკიდებულება, როდესაც განსხვავებული ორგანიზაციები იწყებენ თანამშრომლობას ერთ კონკრეტულ რეგიონში წარმატების მისაღწევად.