16 ნოემბერი 2024,   08:04
ვრცლად
საინტერესოა, არის თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" დღეს ოპოზიციაში" - ენმ-ში ირმა ინაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ

ინაშვილთან აუდიენციაზე საუბარი კიდევ ერთხელ მოუწია ბადრი ჯაფარიძეს. იგი განმარტავს, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ ჰქონია საუბარი. 

"ლელოს პოზიცია არის ცალსახა, საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს რასაც ხელს უშლის "ქართული ოცნების" ნაბიჯები. შესაბამისად ნებისმიერ სხვა პოზიციას არ ვიზიარებ, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ნებისმიერი შეხედულება. ამის გამო არ უნდა შეიძულო ადამიანი და არ უნდა გაწყვიტო კონტაქტი.

ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ეხებოდა იმ უმსგავსო ქმედებას, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩემთან მიმართებაში გამოავლინა. ცნობილია ირმას შეხედულება რუსეთთან მიმართებაში, რასაც მე არ ვიზიარებ და არანაირი თანხვედრა ამ საკითხზე არ გვეხება,"- აცხადებს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ბადრი ჯაფარიძე. 

ბადრი ჯაფარიძის ინაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკურ სპექტრში ამბობენ, რომ ირმა ინაშვილთან თანამშრომლობა მათთვის მიუღებელია.

ენმ, რომელიც რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის მხარდამჭერია ირმა ინაშვილთან რაიმე სახის თანამშრომლობას, თუნდაც საარჩევნო მიმართულებით მიუღებლად მიიჩნევს.

"საინტერესოა თავად პატრიოტთა ალიანსის განცხადებები, დღეს ისინი არიან თუ არა ოპოზიციაში. უპირისპირდებიან თუ არა "ქართული ოცნებას", რომელიც უკვე რუსეთის ორბიტისკენ მიაქანებს ქვეყანას და თვითონ რა პოზიციაზეა და თავიანთ პოლიტიკური შეხედულებებს გადახედავენ თუ არა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ხვდებიან.

"წინააღმდეგი ვარ ქალბატონი ირმას პრორუსად და ბატონი ბადრის პროდასავლელად მოხსენიების თაობაზე- ეს ბევრად უფრო ნათელი კრიტერიუმებით უნდა იზომებოდეს. რაც შეეხება ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხებას ვფიქრობ, რომ არაფერი პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. თუ რამე მნიშვნელოვანი გადაწყდა ამ შეხვედრაზე ისედაც გავიგებთ. ზოგადად ეს ვნებათა ღელვა ვინ ვის შეხვდა, რატო შეხვდა და რა გააკეთა საერთოდ არასწორია. პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსები საერთოდ არ ხვდებიან ერთმანეთს, ნეტა ვინმე შეხვდეს და დაელაპარაკოს ერთმანეთს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

 

 


 

დღის ამბები