შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა. მან დღევანდელ პროცესზე ბოდიში მოიხადა და იტირა.
"უბრალოდ, მაპატიეთ.. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით," - განაცხადა დარბაზში ბრალდებულმა.
სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, რადგან შანაი ბრუკის ძმას პროცესზე დასწრება სურს.
საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა დანაშაულის ჩადენისას ის შერაცხადი იყო.
შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" და მესამე ნაწილის ,"გ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.