ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა - სატელევიზიო მიმართვის დროს პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.
პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ მხარს უჭერს უკრაინის ხალხის ე.წ. თვითგამორკვევის უფლებას.
"გარემოებები ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას მოითხოვს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია.
ოპერაციის მიზანია დავიცვათ ადამიანები, რომლებიც კიევის რეჟიმის მიერ რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ გენოციდს. ჩვენ ვეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციას," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ცოტა ხნის წინ, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განკარგულება გასცა.