რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამთენიისას გამოაცხადა, რომ უკრაინაში იწყებს "სამხედრო ოპერაციას", რომლის მიზანი სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დაცვაა. მალევე, უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმა დაიწყო, ისმის აფეთქებების ხმები. დაიბომბა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსულმა სამხედრო შენაერთებმა უკრაინის საზღვარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 5 საათისთვის გადაკვეთეს. შეტევა ხორციელდება უკრაინის სასაზღვრო ქვედანაყოფებზე და საგუშაგოებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე, აეროპორტებზე. თავდასხმები ხორციელდება არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. უკრაინის საზღვარი რუსულმა სამხედრო შენაერთებმა ბელორუსის მხრიდანაც გადაკვეთეს. უკრაინელები ცდილობენ ქალაქებიდან გასვლას და უსაფრთხო ადგილის პოვნას, გადატვირთულია საგზაო მაგისტრალები. სირენის ხმა ისმის კიევში დაიბომბა ივანო ფრანკოვსკის სახელობის აეროპორტი.
ლუგანსკი, სუმი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ჟიტიმორი - ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის ამ რეგიონებშია. მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. ამავე დროს, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო უკრაინის საზღვრის სიახლოვეს პილოტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერატორებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ საჰაერო სივრცის გამოყენებას რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 100 საზღვაო მილის მანძილზე.
უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, დონბასში რუსულ ჯარს წინსვლა არ აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ განადგურებულია რამდენიმე რუსული ტანკი, 5 სამხედრო თვითმფრინავი. ამ დროისთვის, დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ.