01 სექტემბერი 2026,   14:05
ვრცლად
რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ - უკრაინული მედია

რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ - ინფორმაციას უკრაინული მედია УНИАН ავრცელებს. უკრაინულ მედიას ამის შესახებ ნაციონალური გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის პრესს-ოფიცერმა ხარიტონ სტარსკიმ განუცხადა.

"ჩემი ინფორმაციით, კიევში ერთ-ერთ ხიდზე დატყვევებული იქნა დივერსანტი, რომელიც მარკირებას აკეთებდა. დიდი ალბათობით, ეს მარკირება რაკეტების დამიზნებისთვის იყო საჭირო.

სავარაუდოდ, ისინი სტრატეგიულ მიზნებზე ცეცხლის გახსნას გეგმავდნენ, მათ შორის შესაძლოა ხიდზეც," - განმარტა სტარსკიმ.

პრესს-ოფიცერმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის დივერსანტებმა დედაქალაქში არაერთი მარკირება დატოვეს. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა მარკირება უკვე განეიტრალებულია - არ არსებობს.

"ყველა მარკირებაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც კი სამართალდამცავები აღმოაჩენენ მსგავს მარკირებებს, ისინი მათ შლიან," - ამბობს პრესს-ოფიცერი.

ხარიტონ სტარსკის განცხადებით, ყველა სტრატეგიულ ობიექტს ნაციონალური გვარდია, უსაფრთხოების სამსახურები და უკრაინის ეროვნული პოლიცია იცავს.

"ამჟამად ჩვენი ჯარები გაძლიერებულად ამაგრებენ დედაქალაქს, რათა არ დაუშვან რუსული ჯარების შემოჭრა," - განაცხადა ხარიტონ სტარსკიმ.

დღის ამბები