16 ნოემბერი 2024,   08:08
ვრცლად
გასცემს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს ბევრად უფრო მკაცრ პასუხს - აშშ-ს პრეზიდენტს ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ 

სამშაბათს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტი ბაიდენი სიტყვით გამოვა - რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე გასცემს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს ბევრად უფრო მკაცრ პასუხს და დააწესებს თუ არა აგრესორი ქვეყნის მიმართ მეტად მტკივნეულ სანქციებს.

ევროკავშირში დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესება ვაშინგტონის დღის წესრიგშიც დადგა.

დაწყებული რუსეთის სანქციებიდან უკრაინის ფინანსური დახმარების ჩათვლით, არის საკითხები, რაც ადმინისტრაციამ კონგრესის დახმარებით უნდა გადაწყვიტოს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს იმ სანქციებს, რაც თეთრმა სახლმა წარმოადგინა.

თუმცა, თავის განცხადებაში ბობ მენენდესი უფრო მეტს ითხოვს, მათ შორის პერსონალური სანქციების დაწესებას პუტინის წინააღმდეგ და რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას.

"დღეს გამოცხადებული სანქციები მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის დაბლოკავს რუსეთის ზოგიერთ დიდ ბანკს, რის შესახებ საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მოვითხოვე. ეს ზომები ასევე შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს გლობალურ ეკონომიკაში, შეზღუდავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს და რაც მთავარია, საფასურს დაუწესებს რუსეთის ელიტას. მეტის გაკეთება შეგვიძლია.

კონგრესმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ უკან არ უნდა დაიხიოს ნებისმიერი ვაირანტისგან, მათ შორის სანქციებისგან რუსეთის ცენტრალურ ბანკზე, სვიფტის საგადასახადო სისტემიდან რუსული ბანკების გათიშვაზე, რუსეთის საკვანძო ინდუსტრიის დაზარალებაზე, პირადად პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ყველა იმ ნაბიჯზე, რომელის დააკარგვინებს აქტივებს პუტინს და მის გარემოცვას," - აცხადებს მენენდესი.

დღის ამბები