16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - მეწარმეები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ

ქართველი მეწარმეები, უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობენ და რეგიონში ოკუპანტის მიერ შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობენ. ლევან კაციაშვილი გურჯაანში სამაცივრე მეურნეობას ფლობს. ამბობს, რომ მეწარმეთა დიდ ნაწილს დღეს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების პრობლემა აქვს. შესაბამისად, თუ საქართველო ამ ეტაპზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე უარს იტყვის, ბიზნესის დიდ ნაწილს გაჩერება მოუწევს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ აუცილებელია გასაღების ალტერნატიული გზები დროულად მოიძებნოს.

ხილის ექსპორტის მსგავსად, ექსპორტირებული პროდუქციის 70 პროცენტი ჩრდილოეთზე მოდის მეღვინეობაშიც. ერთ-ერთი მსხვილი მეღვინეობის დამფუძნებელი "კურიერთან" ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ სექტორს უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა.

არსებული მძიმე ვითარებიდან გამოსავალს ალტერნატიული ბაზრების მოძიებასა და გასაღების ახალი სივრცეების მოძებნაში ხედავს ირაკლი ბექაური. ალკოჰოლური პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს მხრიდან ოკუპანტისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი დილეტანტურია, რადგან ჩრდილოეთის ბაზრის ჩანაცვლება ასე სწრაფად ვერ მოხერხდება.

მძიმე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე ქვეყნის ეკონომიკის ერთადერთ გადარჩენის გზას მშვიდობაში ხედავენ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები. მათი თქმით, პოტენციური ინვესტორებისთვის დღეს მთავარი შეკითხვა მხოლოდ გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივას ეხება. საკონსულტაციო ორგანიზაციები ემოციური ფონის გვერდზე გადადებისა და პრაგმატულობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

რას შეცვლის და როგორ აისახება ქართულ ეკონომიკაზე რუსული აგრესია - კიევში ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი, ქართული ბიზნესი ხელისუფლებას პრაგმატული ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები