02 სექტემბერი 2026,   02:03
ვრცლად
დივერსანტები, საჰაერო თავდასხმის მოლოდინი და მოხალისეებზე გაცემული 40 000 ავტომატი - სიახლეები კიევიდან

კიევი უკრაინის სამხედრო და ტერიტორიული თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება, თუმცა ისევ საჰაერო თავდასხმის მოლოდინში. დედაქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ განგაშის შემთხვევაში შეუძლიათ, რათა თავშესაფრებში გადავიდნენ.

ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული რაკეტები კი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს მოხვდა. რამდენიმე შეტაკება მოხდა დივერსანტებთანაც. იზრდება მსხვერპლი. გარდაცვლილთა შორის 6 წლის ბიჭი და 7 წლის გოგოა. დაშავებულები არიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

კიევში დივერსანტების რამდენიმე ჯგუფი გაანეიტრალეს, თუმცა, არსებობს საშიშროება და მიმდინარეობს ოპერაცია დანარჩენი ჯგუფების ლიკვიდაცია. უკრაინის სამხედრო ფორმაში გადაცმული დივერსანტები გადაადგილდებიან კიევის სხვადასხვა უბანში, აწყობენ პროვოკაციებს და ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

კიევის შემოგარენში კი ინტენსიური ბრძოლებია. ქალაქ ბუჩაში, რომელშიც რუსული ჯარი იმყოფება, დიდი რაოდენობით უკრაინელი სამხედროები არიან მობილიზებულები და ცდილობენ ქალაქის ოკუპანტებისგან გაწმენდას. თუმცა, ოკუპანტები კვლავ ესვრიან დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასობაში, მხოლოდ კიევში მოხალისეებზე 40 000-მდე ავტომატებია გაცემული. ისინი გადანაწილებულები არიან ქალაქის ყველა უბანში, სტრატეგიულ ობიექტებზე და ელოდებიან მოსალოდნელ საფრთხეს. მოხალისეების რიგებში ჩაეწერა ქალაქის მერიც. ქალაქში ამ დრომდე რჩება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
დღის ამბები